“საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. რატომ ვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს ტყვეს და არა პატიმარს? ტყვე ხარ, როდესაც 4 კედელში ხარ გამოკეტილი ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და „ხუშტურზე“. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა. ტყვე ხარ, როდესაც კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ გეძლევა. მაგალითისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი. ის, რასაც საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში ითხოვს. მინდა იმედი მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი დაშვებული იქნება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს“
ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც დღეს ხელმეორედ დაიწყო შიმშილობა.