ურბნელი მიტროპილიტი, მეუფე იობი ქადაგებისას ამბობს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, რადგან ,,ჩვეულებრივ გრიპს უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს”.
,,დღეს ახალი შემოტევაა მსოფლიო მასშტაბით, ესაა კორონავირუსი. ჩემი აზრით, ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, როგორც უწოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი გრიპს, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება და უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს და ჩვენ ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს. მით უმეტეს, ქართველმა კარგად გამოხატა – მოკვდას ვხმარობთ პირუტყვზე, კი არ მოკვდა – გარდაიცვალა, ამ ქვეყნიდან სხვა სამყაროში გადავიდა. რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ უფრო მეტი იკურნება ამ ავადმყოფობიდან”,- აცხადებს მეუფე.
მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებები რწმენის საწინააღმდეგოდ ანევროზებენ ადამიანებს, რასაც ,,მცირედ მორწმუნეები” იჯერებენ და ეკლესიებში აღარ მიდიან.
,,ჩვენ გვყავს ახლობლები უცხოეთში, რომლებიც საავადმყოფოშიც კი არ მისულან, სახლში მკურნალობდნენ და განიკურნენ. დღეს ფსიქოზური საინფორმაციო საშუალებებია ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით და ანევროზებებნ ადამიანს, ეს მიმართულია რწმენის საწინააღმდეგოდ. თუ ადამიანს მტკიცედ სწამს, მას ვერაფერს დააკლებენ. არიან მცირედ მორწმუნეები, რომლებიც იჯერებენ ამ ყველაფერს, ეშინიათ ტაძარში მისვლის, ხალხთან შეხვედრის, სამწუხაროდ, სასულიერო პირბშიც არიან ასეთები”,- თქვა მეუფე იობმა ქადაგებისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაავადებულს აზიარებდა, რადგან ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე წამლები.
,,ჩვენ [სასულიერო პირებს] ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს ადამიანთა განკურნების. მე ვერ მოვისმინე ის მაგალითი, რომ კორონავირუსით დაავადებულთან მისულიყო სასულიერო პირი, მე პირადად დიდი სურვილით მივიდოდი მათთან, ჩავუტარებდი შვიდგზის ზეთისცხებას, აღსარებას ვათქმევინებდი, ვაზიარებდი, უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა მათი სულიერი და ფიზიკური გამოჯანმრთელებისთვის, ვიდრე მედიკამენტებით მათი განკურნება. მაგრამ, ამის საშუალებას არ გვაძლევენ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურადაა მოგონილი და ეს სულ მალე გაცხადდება”,- ამბობს ურბნელი მიტროპოლიტი.
საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.
”