პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალ, 15 აპრილის 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
პრემიერის განცხადებით, მიზანი მსხვილ ქალაქებში მობილურობის დონის დაწევაა.
მისივე თქმით, ქალაქის შიგნით მოძრაობა არ იკრძალება.
„ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ Covid 19 არის გლობალური გამოწვევა. ეს არის უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ, შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ახლა ქვეყანაში მატულობს ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირებაც, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, გაურკვევლობის ამ ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა,“- განაცხადა გახარიამ.