აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან ქობულეთის 4 ჩაკეტილ სოფელში შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება დაიწყება.
“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირაა აღარ გვიფიქსირდება არცერთი დაინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. პრაქტიკულად ხვალიდან უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა მოვხსნათ და შევამსუბუქოთ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში”, — თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი.
,,ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი, ეს ძალიან საიმედო პროგნოზია. რაც შეეხება დისტანციას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეეცდებიან დისტანციის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ფარგლებში ამას დავაკვირდებით”,- თქვა რიჟვაძემ.