ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

ხვალ, 30 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.