ხვალ ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. ძალაში შევა შეთანხმება, რომელსაც ჰამასმა და ისრაელმა შუამავლების მეშვეობით მიაღწიეს.
შეთანხმების ამოქმედება, რომელსაც ისრაელის არმიის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა, ჰამასის მხრიდან კი მძევლების გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა, ერთი დღით გადაიდო.
შეთანხმების შესახებ, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტას და ჰამასის მიერ აყვანილი 50 მძევლის გათავისუფლებას, ოთხშაბათს გამოცხადდა. ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმების განხორციელება ხუთშაბათს დილიდან დაიწყებოდა. თუმცა, წუხელ გამოცხადდა, რომ ვადამ ერთი დღით გადაიწია.
გადადების ზუსტი მიზეზი უცნობია.
დღეს დღის პირველ ნახევარში როგორც ისრაელმა, ისე საერთაშორისო შუამავლებმა, მათ შორის კატარმა, ეგვიპტემ და შეერთებულმა შტატებმა, განაცხადეს, რომ შეფერხება წმინდა ტექნიკური ხასიათისაა და დაკავშირებულია ლოგისტიკური საკითხების ფრთხილად შემუშავების აუცილებლობასთან.
თუმცა, მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ უთანხმოება მძევლების გათავისუფლების დეტალებმა გამოიწვია. ისრაელს სურს, რომ მძევლები ჯერ წითელ ჯვარს გადასცენ, შემდეგ კი ისრაელში გადაიყვანონ. ჰამასი კი ეგვიპტისთვის მათ გადაცემას ითხოვდა.
დღის მეორე ნახევარში ჰამასმა განაცხადა, რომ მზად არის შეთანხმება პარასკევს დილიდან ამოქმედდეს და ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 50 მძევალი გათავისუფლდეს.
მძევლები ეტაპობრივად გათავისუფლდებიან. პირველ დღეს ჰამასი 13 მძევალს გაუშვებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ყოველ ერთ მძევალზე ისრაელის ციხეებიდან 3 პალესტინელ პატიმარს, ჯამში სულ 150 პატიმარს გაათავისუფლებს.
მოგვიანებით კატარმა, რომელიც ამ საკითხზე მთავარი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ უკვე მიღებულიამძევლების პირველი ჯგუფის სია, რომლებსაც ჰამასი პარასკევს, ადგილობრივი დროით 16 საათზე გაათავისუფლებს. მათ შორის არიან ხანდაზმული ქალები და ზოგიერთი ბავშვი.
ამის შემდეგ მძევლების გათავისუფლება ყოველდღიურად მცირე ჯგუფებად მოხდება.
ისრაელის პრეიერ მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ უკვე მიიღეს იმ მძევლების სია, რომლებიც ხვალ გათავისუფლდებიან.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეთანხმების თანახმად პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება.
კატარის მხრიდან წამყვანმა მომლაპარაკებელმა, მუჰამედ ალ ჰულაიფიმ სიენენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი მიზანია ცეცხლის უფრო ხანგრძლივ შეწყვეტას მიაღწიონ:
“ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ ჯერ კიდევ ვაპირებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარეებთან, დეესკალაციის მიღწევას და ცეცხლის უფრო ხანგრძლივ შეწყვეტას. ისრაელელები თავდაპირველად საბრძოლო მოქმედებებში დროებით პაუზასაც კი არ განიხილავდნენ. ამიტომ იმედს არ ვკარგავთ, რომ წინ წავიწევთ. ამიტომაც ამ ეტაპზე გაჩერებას არ ვაპირებთ. “–თქვა მან.