ხვედელიანი აქ ნამდვილად მოვიდა, ეს არ ნიშნავს თანამშრომლობას – გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ეხმიანება სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც, მათი თქმით, ენმ-ს წევრი გიორგი ხვედელიანი მას ხვდება.

გოლეთიანის თქმით, ხვედელიანი მას ნამდვილად შეხვდა, თუმცა ამას ხელისუფლება იყენებს, რათა მათ ენმ-სთან კავშირი დააბრალონ.

“ბატონ ხვედელიანს არ ვიცნობდი მანამდე და საერთოდ რომელ პარტიას წარმოადგენდა, ინფორმაცია არ მქონდა. უბრალოდ აქ მოვიდა, გამოგველაპარაკა, პირადი მხარდაჭერა დააფიქსირა პროტესტის მიმართ და ამ მომენტში არის ფოტო გადაღებული. რა უნდათ ამით რომ შექმნან? რომ კავშირში ვართ პარტიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, ალბათ ეს ნარატივია ხელისუფლებისგან და ეს უნდათ გამოიწვიონ ფოტოს დადებით”,– ამბობს გოლეთიანი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განმარტებით, რიონის ხეობაში ბევრი პარტიის წარმომადგენელი ყოფილა, მაგრამ ეს მათთან თანამშრომლობას არ ნიშნავს.

“აქ არაერთი ცნობადი სახე, ზოგადად პარტიის წარმომადგენელი სხვადასხვა დროს ყოფილა, შეიძლება ასეთი ფოტოებიც არსებობს. ადამიანები როდესაც მოდიან აქ, ჩვენ ახლა ვერავის დავემალებით, ვდგავართ რიონის ხეობაში ნახევარი წელია. მაშინ გამოდის, რომ შეიძლება ყველა პარტიის წამომადგენელი ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნამყოფი აქ. ეს არ ნიშნავს თანამშრომლობას. არც ვაპირებთ, ამ ნაწილში თავი ვიმართლოთ”,– აღნიშნა გოლეთიანმა.