ხვიჩია: ვაკეთებთ “გირჩის სამეფოს”, გვექნება ჩვენი კონსტიტუცია, ფულადი ერთეული

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ქმნიან “გირჩის სამეფოს”, რომელსაც საკუთარი ფულადი ერთეული და კონსტიტუცია ექნება, ასევე, ეყოლება დავის განმხილველი.

მისი თქმით, მეფე ჰერმან პირველი საბოა.

„სამწუხაროდ, გეგმებზე ვერ გეუბნებით, მაგრამ დავიწყებთ დისკუსიას “გირჩის“ ახალ ჯგუფში, “გირჩის სამეფოში”, სადაც მხარდამჭერები არიან და მხარდამჭერებთან ერთად მთელ პროგრამას გავივლით, თუ რას გავაკეთებთ. მეფე ჰერმან პირველი საბოა. ამ დისკუსიასთან ერთად, ამ ჯგუფში მოხვედრისთვის საჭიროა, რომ ადამიანს ჰქონდეს ერთი ფულადი ერთეული “გირჩის“ ვალუტა – ქართული დოლარი და იყოს რეგისტრირებული პორტალზე.

ჩვენ ახლა ვცდილობთ, ჩვენი საზოგადოების შექმნას ამ სახელმწიფოში, იმიტომ რომ გამოსავალი ეს არის. იმისთვის, რომ ჩვენნარი საზოგადოება გადარჩეს, საჭიროა ერთმანეთი დაინახონ, ამიტომ ჩვენ “გირჩის სამეფოს” ვაკეთებთ, სადაც გვექნება ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფულადი ერთეული, დავის გამხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს. ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანებისთვის სივრცე შევქმნათ“, – განაცხადა ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.