ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი 20 ივნისის ამნისტიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ მიმართავს, რადგან მათ აქვთ თავის “დაბრმავების და დაყრუების” მიზეზი, “თუ გაუვათ, სარგებელი უნდა მიიღონ”.
ხიდაშელის აზრით, ოპოზიციის გულშემატკივრების მხრიდან ოპოზიციის დამუნათება ამნისტიაზე შეთანხმების გამო, სირცხვილია.
“იმ ხალხს მივმართავ, ოპოზიციას რომ გულშემატკივრობს თითქოს და სინამდვილეში გაირკვა, რომ არც გულშემატკივრობს და არც დოკუმენტს კითხულობს, ამით კი ოცნებას ეხმარება. რა წერია დოკუმენტში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ წაგიკითხავთ, უბრალოდ გინების ტრენდმა მოგხიბლათ და იქ შემოსკუპდით.
– პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიო;
– 2 (ორი) საქმეო;
– ამნისტია ამის უზრუნველსაყოფადო;
სირცხვილია ამ თემაზე ოპოზიციის დამუნათება! სირცხვილია! წაიკითხეთ, პატარა დოკუმენტია! ნუ ხართ მწყრალად წერა–კითხვასთან. ააა, თქვენ გეგონათ, მივიდა ეს ხალხი და თავად ჩაწერა ყველა მოძალადე პოლიციელი, ყველა ვინც დამიზნებით ისროდა და მიზანმიმართულად ძალადობდა, მაკო გომურს დასდევდაო… არაუშავს, ვის არ შეშლია”,– წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, წერია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.
პარლამენტში 27 აპრილს იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ნიკა მელია ამ გზით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.