ხმების გადათვლის შედეგად, ბათუმში მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა – მდინარაძე

გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი  თქმით, ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება  და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა.

მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.”- განაცხადა მდინარაძემ