ხმების დათვლისას პარტიების მხარდამჭერებმა მშვიდად მიიღონ შედეგები – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები.

“დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს”,- თქვა დეგნანმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები.

“საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.