ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი, ამას შევძლებთ – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტობის კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია.

მისი თქმით, არა ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას საარჩევნო ხმები.

“რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი.

ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 30–მა ოპოზიციურმა პარტიამ დეკლარაცია მიიღო, რომელიც საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვას და გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, დღეს ოპოზიცია 2 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატზეც შეთანხმდა. ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი.