ხომ ამბობდნენ, მაკო გომურის თვალის დამთხრელებს ხელს არ მოვუწერთო – ზარქუა ენმ-ზე

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას და ამბობს, რომ მათ ეს ევროპელების თვალში “თავის გადასარჩენად” გააკეთე.

“რა უნდა ითქვას “ნაციონალური მოძრაობის” მორიგ სატყუარაზე? – ეტყობა, დასავლეთი ძალიან მოაწვა ან შიგნით ემოციები და მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ხელმოწერაზე ფეხს ითრევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ევროპელების თვალში თავის გადასარჩენად ხელს აწერენ, მაგრამ თავიანთ ამომრჩეველს ჰკითხონ, ხელს აწერენ რაზე – თავად რომ ამბობდნენ, მაკო გომურის თვალის დამთხრელებს ხელს არ მოვუწერთ და არ ვაპატიებთო, ესე იგი, ახლა ძალიან გაუჭირდათ, რომ ამას დათანხმდნენ?”,– ამბობს ზარქუა.

მისივე აზრით, ნიკა მელია “სააკაშვილის კარის თამაშების მსხვერპლი გახდა”.

“ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს და დასეირნობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გამოვიდა. გირაოს დათანხმდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა იმართება, არჩევნებიც ჩატარდება შესაბამისად, აგერ ბურთი და მოედანი – ვინც მოიპოვებს უმრავლესობას, ის იქნება უმრავლესობა”,– აღნიშნავს “ოცნების” დეპუტატი.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.