პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 5 “ბიზნესოლიგარქის” დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიამ ბრიფინგზე “ე.წ ბიზნესოლიგრქიული ადამიანების სია”, წაიკთხა რომელთა სანქცირებაზეც პარტია პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ოლიგარქიული მმართველობა დგას გარკვეულ საყრდენებზე სხვადასხვა სფეროში და ჩვენს ქვეყანაში ეს ოლიგარქიული მმართველობა არის ერთგვარი ქსელი, არსებობს ოლიგარქიული პირამიდა, რომელთა საქნცირებაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი.
1. დავით ხიდაშელი – ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით “ქართული ოცნების” მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
2. უჩა მამაცაშვილი – ეს არის პრაქტიკულად ეკონომიკის არაფორმალური მმართველი საქართველოში, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის პარტნიორი სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, პოლტავჩენკოსი, რომელიც ასევე სანქცირებულია. ძალიან ცხადი და ღია არის კავშირები კრემლთან.
3. ვანო ჩხარტიშვილი – გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა არა ერთ კორუფციულ და მაფიოზურ გარიგებაში, მაგალითად თამბაქოს სფეროში, მისი ღია და ოფიციალური პარტნიორი არის რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“, რომელიც ფლობს 49%-ს ფოთის ნავთობ ტერმინალში.
4. ოთარ ფარცხალაძე – ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული ბიზნესმენი, ბრჭყალებში, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას. ისიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე.
5. ირაკლი რუხაძე – გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ იმედს, GDS-ს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება, სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის საუბარი არა ბიზნესმენებზე, რომლებიც სრულიად თავისუფალი უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ და ჩვენ ამას მივაღწიოთ. ეს არის არა ბიზნესი, არამედ ოლიგარქია, რომელიც დღეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას.”- თქვა ელენე ხოშტარიამ.