ხოშტარია მსურველებს მოუწოდებს, მელაშვილსა და ილიჩოვას გამამხნევებელი წერილები გაუგზავნონ

ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია მსურველებს მოუწოდებს, დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა ნატალია ილიჩოვას გამამხნევებელი წერილები ციხეში გაუგზავნონ.

“ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბ-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს”,-წერს ხოშტარია.

მისი თქმით, წერილები ფოსტიდან შემდეგ მისამართებზე უნდა გაგზავნონ

ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა სპეციალური დაწესებულება.

“თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი, გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ, გავაგზავნი თქვენი სახელით”,- აცხადებს ხოშტარია.