უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, პანდემია მზარდი იქნება და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს შეუქმნის.
ის ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას მისცემს.
ხუნდაძის თქმით, თუ ვინმეს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„მიუხედავად ამ ბოლოდროინდელი განვითარებული პროცესებისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. თუ პანდემია იქნა მზარდი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს საფრთხე შეექმნება და თუ ჩვენ ეს რეგულაციები სწორედ ამის გამო არ შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შევუშალოთ ხელი.
რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს – ის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მე ვერ ვხედავ ამ წინააღმდეგობას, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და თუ ვინმე მაინც ჯიუტად დადგება ამ პოზიციაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, არსებობს ამის ბერკეტიც – საკონსტიტუციო სასამართლო და შეუძლია გასაჩივრებაც კი, თუკი ვინმეს ამის სურვილი ექნება,“- აცხადებს ხუნდაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სამი არჩევანი არსებობს, როგორც უნდა იმოქმედოს ქვეყანამ, მათგან კი ყველაზე ოპტიმალურია, რომ ,,გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა, ხელი შევუწყოთ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას, მთავრობის უფლებამოსილების დაზუსტების გზით გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან და საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების ჯანმრთელობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თუ პარლამენტი ახალ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებს.