სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოკუპანტები ადგილზე სატვირთო მანქანით მივიდნენ და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც ტელეკომპანია “მთავარი” იტყობინება, მათ ხურვალეთთან მისასვლელი გზა გადაუკეტეს და ადგილზე მყოფი პოლიციელები გამაღებ ჯგუფს სოფელში არ უშვებენ.
“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საგუშაგო კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ძველის გვერდზე რაღაც კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი შეჩერება, არანაირი მშვიდობა რუსის გეგმებში არ არის და ეს ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ 2023 წლის მარტიდან ვაფიქსირებთ.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საგუშაგოების მშენებლობას, სანგრების თხრას და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელმაც სოფელში შესვლა დაახლოებით საათნახევრის წინ მოახერხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.