ხშირად ექიმები პაციენტებს ეუბნებიან, სეზონურ ვირუსს ჰგავს, მოდი, არ გინდა ტესტირებაო – ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ალგორითმის აღსრულებაში პრობლემებია, რადგან პაციენტების გაფილტვრა ხდება და ყველას ტესტირება არ უტარდება.

,,დღევანდელი ალგორითმი საკმარისია, მთავარია ამის შესრულება იყოს ეფექტური. ახლა უკვე ეს არის პრობლემა. თუ ყველას, ვინც ამ ალგორითმში წერია, ჩაუტარდა კვლევა  და არ დავიწყეთ გაფილტვრა – კარგი იქნება. გაფილტვრის ნიშნები არის. თუ ეს არ მოხდა აღნიშნული ალგორითმი სრულიად ეფექტურია.

თუ იქ რაც წერია, იმ კრიტერიუმების მიხედვით ეფექტურად მოხდება ტესტირება იქნება კარგი. მაგრამ აქაც პრობლემებია, ვგულისხმობ იმას, რომ სიმპტომებიანების ბოლომდე ტესტირება არ ხდება. ხშირად ექიმები ეუბნებიან, რომ ეს სეზონურ ვირუსს ჰგავს და მოდი, არ გინდა ტესტირება“,  – ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისი თქმით, ეს ვითარება შესაძლოა ტესტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით იყოს გამოწვეული, თუმცა ინფექციონისტებს სჭირდებათ ტრენინგი, რათა ალგორითმის ეფექტური შესრულება შეძლონ.

„ხელმომჭირნეობის თემაც არის და ასევე ექიმებისთვის არის ახალი თემა და ინსტრუქტაჟი. მეტი სჭირდებათ, რომ არ გამორჩეთ ადამიანები“, – თქვა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, მსუბუქსიმპტომიან პაციენტებს მაქსიმალურად უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება, რადგან მათ ვირუსის ქონის მაღალი ალბათობა აქვთ.