საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოსტკოვიდური ეკონომიკის მიერ შემოტანილ სიახლეებს ქართულმა ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ეს საქართველოშია შესაძლებელი.
“უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტით გამოიწერო და მარტივად მიიღო შეძენილი ნივთი.
ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა. ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც პანდემიას, ასევე ეკონომიკურს”,– თქვა გახარიამ.