ჯანდაცვის სამინისტრო AstraZeneca-თი ვაქცინაციას არ აჩერებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც. ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.