ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ეპიდემიის ახალ ეპიცენტრს ასახელებს. ჯანმოს ინფორმაციით სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა.
„სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში იზრდება შემთხვევათა რაოდენობა. ეს ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“, – განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
მისივე თქმით, ბრაზილიაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამაზონელების ინფიცირება, რომლებიც კორონავირუსმა ქვეყანაში ყველაზე მეტად დააზარალა.
„დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, – აღნიშნა რაიანმა.
ცნობისთვის, ბრაზილიამ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.