ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოს მადლობას უხდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითერზე  პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პოსტს გამოეხმაურა და  საქართველოს მადლობას უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც გახარიამ აღნიშნა მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

” დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ქართველ ხალხს ჯანმრთელობასა და იმედს ვუსურვებ. უსაზღვრო მადლიერებას გამოვთქვამთ ექიმების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ყველა პროფესიონალის მიმართ, რომლებიც  ახლა  გმირულად ებრძვიან უხილავ მტერს.- დაწერა გუშინ გიორგი გახარიამ.