ჯარების მთავარი კონცენტრაცია ჯერ კიდევ წინ არის – უკრაინელი გენერალი

უკრაინის არმიის გენერალი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, მიკოლა მალომუჟი აცხადებს, რომ პუტინისთვის “ამოცანა N1” არის მარიუპოლის აღება, შემდეგ კი  ძალების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიმართულებებზე კონცენტრირება.

მისი აზრით, ჯარების მთავარი კონცენტრაცია ჯერ კიდევ წინაა, რადგან რუსეთს უკრაინაში გადმოჰყავს ჯარისკაცები ფედერაციის შორეული აღმოსავლეთიდანაც კი.

“დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მიმდინარეობს გარღვევითი შეტევები, სადაც თვლიან, რომ უკრაინის თავდაცვის სისტემა შეიძლება დაიშალოს. მაგრამ ჯარების მთავარი კონცენტრაცია, ვფიქრობ, ჯერ კიდევ წინ არის. ეს იქნება კონცენტრაცია რუსეთის ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის გავლით, და უკვე ჩრდილოეთში და ბელგოროდში ყალიბდება შეიარაღებული ძალების ახალი ფორმატები.

ესენი არიან კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან გადმოსულები და ასევე, ახალი რეზერვები, რომლებიც წამოიყვანეს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ და ცენტრალური ფედერალური ოლქებიდან, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან, ურალიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ფორმატი მზარდია”, – განაცხადა გენერალმა Unian-ის ცნობით.

მისივე შეფასებით, ოკუპანტებისთვის დღეს მნიშვნელოვანი მიმართულებები არის მარიუპოლი და იზიუმი.

„შეიძლება პუტინმა თქვა – არ შეიჭრათ აზოვსტალში, მაგრამ არის დაბომბვა, არის მუდმივი თავდასხმები. რუსი სამხედროების ამოცანაა მარიუპოლის აღება, შემდეგ კი იქიდან ძირითადი ძალების გადაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მიმართულებით, რათა შეტევითი ოპერაციები ეფექტურად ჩაატარონ.

მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ იზიუმის მიმართულება, რომელიც დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია აგრესორის “სპეციალური ოპერაციებისთვის“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოსაქცევად, ფლანგებიდან შეტევების განსახორციელებლად. და, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის სამხრეთი, სადაც მტერს დღეს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს“, – აღნიშნა მიკოლა მალომუჟმა.