ჯაფარიძე: ამ პარლამენტს აქვს დროებითი ფუნქცია – მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ პარლამენტს დროებითი ფუნქცია აქვს, რათა მან ქვეყანა არჩევნებისთვის მოამზადოს.

“ამ პარლამენტს ამ წუთში შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ აქვს ერთადერთი ფუნქცია, ესაა დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის, რაც წერია იმ ტექსტში. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელება, ცვლილებების განხორციელება მართლმსაჯულების სისტემაში, რისაც დიდად არ მჯერა.

საბოლოო ჯამში, ამ პარლამენტის, ვინც ვსხედვართ დარბაზში, ერთადერთი ფუნქციაა ის, რომ ეს ქვეყანა მოამზადოს შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნები გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს, რა ფორმითაც გამოვიდა, იქცა რეფერენდუმად”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, კრიზისის განმუხტვა პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომ ახლა “არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის”.

“კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში. მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს პირველ რიგში ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე. ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, აქ ცხოვრება, შვილების გაჩენა ღირს, მანამდე ეს კრიზის დაძლეული არ იქნება – 2 პარლამენტარი შემოვა თუ 22, ეს არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.