ჯაფარიძე: არ მაქვს სურვილი, ფრაქციულ მუშაობაში ან საპარლამენტო რუტინაში გადავეშვა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფრაქციულ მუშაობაში ჩართვის სურვილი არ აქვს.

მისივე განცხადებით, თუ ვინმეს დაჭირდება ფრაქციის რესურსების გამოყენება მიშელის დოკუმენტის ლობირებაში, შესაძლოა, ხელი მოუწეროს.

“მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ფრაქციულ მუშაობაში ან ზოგადად, საპარლამენტო რუტინაში გადავეშვა. ამის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა ტექნიკურად თუ ვინმეს დაჭირდა ჩემი ხელმოწერა, რომ რაღაც ფრაქცია შექმნას და მერე იქ ფრაქციის რესურსები, მათ შორის, დროის მხრივ გამოიყენოს, თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პუნქტების ლობირებისთვის პარლამენტში, შეიძლება ვიღაცას ხელი მოვუწერო, მაგრამ თვითონ ასეთი მიზანი არ მაქვს, ანუ საპარლამენტო რუტინაში, საპარლამენტო საქმიანობაში, ზოგადად, მონაწილეობას არ ვიღებ”, — თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

დღეს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ლელოს 4 დეპუტატს შეურთდა სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

ასევე, როგორც ცნობილია, პარლამენტში ფრაქციის შექმნაზე მუშაობს პარტია სტრატეგია აღმაშენებელიც.