გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს დაეხმარებან, რომ მეტი დემოკრატიისკენ წავიდეს.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ სიტუაციას არასწორად აფასებენ.
“არ მჯერა, რომ დაგვეხმარებიან, წავიდეთ დემოკრატიისკენ. თუ ჩვენ ახლა ამ ბრძოლას წავაგებთ, წავალთ თურქმენეთისკენ. ეჭვი მაქვს, ვერ დაგვეხმარებიან და ამას ვხედავთ მოლაპარაკების დროს. ისინი სიტუაციას უყურებენ ისე, თითქოს აქ საუბარი იყოს რომელიღაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაზე, სადაც პატარა-პატარა პრობლემები შეიძლება იყოს და დემოკრატიული სიტყვების გამოყენებით შეიძლება სიტუაცია გამოსწოდეს. არა, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და აქ ახლა ეგეთი ტიპის პოზიცია ივანიშვილის მხრიდან აღიქმება, როგორც ევროკავშირის სისუსტე. უფრო გათამამდება. ამას მე მათ პირდაპირ ვეუბნები”,– ამბობს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე განცხადებით, პირველ რიგში, ქართველი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და შემდეგ მეგობრებს მიდგომებიც შეიცვლება.
“ამ ბრძოლაში ან მართლა ვართმევთ ძალაუფლებას ივანიშვილს, ან მივდივართ თურქმენეთის გზაზე. სინამდვილეში ასეთი არჩევანია. მე რისიც მჯერა არის ის, რომ აქ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, ხალხმა უნდა დაანახოს ძალა პირველ რიგში ივანიშვილს და მერე მეგობრებს, მათი მიდგომებიც შეიცვლება. აქ თუ ჩვენ ვიქნებით ასე ჩმორების მდგომარეობაში, რითიც სარგებლობს ივანიშვილი, ვიოლა ფონ კრამონი ჩვენ ვერ გვიშველის”,– აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.