ჯაფარიძე თქმით, თუ “ოცნება” შეთანხმებას დაარღვევს, შესაძლოა, ბოიკოტი გააგრძელოს

გირჩი– მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარლამენტში მისვლით დღეს რურუას გაათავისუფლებენ მეტი არაფერი არ იცვლება.

“დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, მაგის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც პოლიტიკური პატიმარია, მეტი არაფერი არ იცვლება. დღეს მეტი არაფერი არ იცვლება. მეორე ადამიანთან მიმართებაში ან დაიდება ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც იქნება ორივე მხრიდან მხარდაჭერილი, ან არ ვიცი რა იქნება…

შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და ისე გამოვიდეს, ან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, არ ვიცი. ამ წუთის მდგომარეობით, ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ის ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს.

“თუ ოცნება გავა ხელშეკრულებიდან, ცხადია, შეიძლება [გავიდე პარლამენტიდან]. მათ შორის ამნისტიასთან მიმართებში. თუ ეცდება წაიკითხოს ისე, როგორც ახლა კითხულობენ”,– აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, თალაკვაძის ჩამოცილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ოცნება შეთანხმების ინტერპრეტირებას აპირებს.

“თალაკვაძის ჩამოცილება, კუჭავას წამოწევა და სხვა ხალხი რომ დადის ახლა მოლაპარაკებებზე, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ აპირებენ შეთანხმების ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა შეთანხმებული. თუ ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოცნება გადის შეთანხმებიდან. კონკრეტულად ამნისტიასთან მიმართებაში არ ყოფილა შეთანხმება, რომ ჯალათები გათავისუფლდებოდნენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.