ჯაფარიძე ნამახვანზე: ხელისუფლება ამ ბრძოლას ვერ მოიგებს, გამორიცხულია

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ნამახვანში რიონის ხეობის მცველებთან ბრძოლას ვერ მოიგებს.

“კონსტიტუციური უფლების შელახვაა, რომ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ და აუყარეს კარვები, მოიმიზეზეს რომ რიონი ადიდდებაო. შეუძლებელია, ამ ბრძოლას ვერ მოიგებენ, გამორიცხულია. მოტყუებით და ძალაზე დაყრდნობით ცდილობენ პროტესტის განეიტრალებას, მაგ გზას ადგანან და ჰგონიათ, რომ გამოუვათ, მაგრამ არ გამოუვათ. მე რასაც ვუყურებ, ეს ადამიანები ამას არ დათმობენ”,– აცხადებს ჯაფარიძე ფორმულას ეთერში.

მისივე განმარტებით, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი და სამართლიანი გზა არის, რომ ადგილობრივების საკუთრებაში გადავიდეს აქტივები და მათ გადაწყვიტონ ჰესის აშენება-არაშენების საკითხი.

“ელექტროსადგურიც და დენიც მნიშვნელოვანია, სხვანაირად ვერ გავმდიდრდებით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი პრინციპები არსებობს – ეს არის საკუთრების უფლება. სისტემა არის შესაცვლელი. ტერიტორიები მათ [ადგილობრივებს] უნდა დაუკანონდეთ და მერე ნებისმიერი ინვესტორი ამ ქვეყანაში რომ ჩამოვა, რატომ უნდა მიდიოდეს რომელიმე მინისტრთან, უნდა მიდიოდეს ადგილზე მოქალაქეებთან და იქ უნდა აგვარებდეს. თუ ისინი თანახმა არიან, შეძლებს რაღაცის გაკეთებას, თუ არ არიან თანახმა – ვერ გააკეთებს”,– აღნიშნავს ჯაფარიძე.