ტელეკომპანია კავკასიის წამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მის წინააღმდეგ ხალხს რაზმავს.
“ამ დღეებში ან მკვდარი თუ მნახეთ ან ნაცემი და გონდაკარგული, მიხვდებით, ვისგანაც მოდის. ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმე საუბარი მქონდა დეკანოზ ჯაღმაიძესთან, პრაქტიკულად 90-იანი წლები გამახსენდა პათოსით. ამ საუბრის მერე კიდევ უფრო განრისხდა, რადგან რაც სტატიაში არ მეწერა, ისიც კი ცხადად ვუთხარი, რას ვფიქრობდი მასზე. იმედია, ეყოფა გონიერება და არ შეეცდება ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის საფრთხის შექმნას, მაგრამ თუ რამეა, იცოდეთ მაინც. მსგავსი პირებისგან ყველაფერია შესაძლებელი”,– წერს გამზარდია Facebook-ზე.
მისი თქმით, ჯაღმაიძემ მოსთხოვა, მას და მოსაყდრე შიოს შეხვედროდა და სტატიაში ნახსენები სახელები და გვარები დაესახელებინა, თუმცა “შესაბამისი პასუხი მიიღო”.
“შემდეგ მოითხოვა, ეთერში მოვალ და ვისაუბროთო, მე დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ რაღაც ხელოვნური შარის მოდებით გადაიფიქრა და უარი თქვა. სხვათა შორის, არ გაუპროტესტებია ის, რომ ძალაუფლების უზურპაციაში დავადანაშაულე, არც სასულიეროპირების დევნაზე უთქვამს რამე. მხოლოდ დამიზუსტა, რომ რადგან ტელევიზია თბილისში მდებარეობს, რომელი ეპარქიის სასულიერო პირიც გინდა იყოს, მას და მიტროპოლიტ შიოს უნდა შეუთანხმდეს მოსვლაზე.
მსგავსი მიდგომა მე მახსოვს კრიმინალური ცხოვრების შესახებ ფილმებიდან, პერსონაჟი მაფიოზები რომ ამბობენ, ეს ქუჩა ჩვენია, აქ მაღაზიას უჩვენოდ ვერ დადგამო და მსგავსი. ანუ, ტერიტორიულად ჩვენია თბილისიო, ასე ამიხსნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ. რატომაა თბილისი მათი – ცოტა უცნაურია, მეტიც, ეპარქიულადაც კი არ ეკუთვნით მათ”,– წერს გამზარდია.
მისივე განცხადებით, მძიმე საუბრის შემდეგ მან სტატუსი დადო და ხალხს მის წინააღმდეგ რაზმავს, ამიტომ, ტელეწამყვანი არ გამორიცხავს, “რამე მავნებლობა მოინდომონ”.
“მე მოვუწოდებ მოსაყდრეს და მის პრესცენტრს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ უმძიმებს პროცესებს თავი დაანებონ, ლამის ყველა მიმართულებით, ასევე სახელისუფლებო შტოებში ჩუმ-ჩუმად პატრიარქის წინააღმდეგ გარკვეულ ზრახვებს, ამაზე არ დამიწერია და ასე მარტივად არც დავწერ, რადგან როცა რამეს ვამბობ, ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ნათქვამში, ამ ეტაპზე მხოლოდ ფრთხილი რჩევით შემოვიფარგლები.
ასევე მოვუწოდებ სინოდის წევრების წინააღმდეგ მოქმედებას თავი დაანებონ, თან პატრიარქის სახელით, თითქოს ამის უფლება პატრიარქისგან მიიღეს, რომ აიძლონ სინოდის წევრები შიო უკვე პატრიარქად აღიარონ და სინოდის წევრთა მაკურთხევლად მიიღონ. არის ძალიან ბევრი მძიმე სურათი, რაც დღეს იკვეთება პატრიარქის გარშემო მისივე მოსაყდრის და მისი ჯგუფის მხრიდან ძალიან ბევრი მიმართულებით. ვთხოვდი მათ შეინანიონ, ჯაღმაიძემ ჩემგანაც უნდა ითხოვოს შენდობა და ბევრი სხვა ადამიანისგან, შემდეგ კი დაიწყონ ისე ცხოვრება, როგორც ქრისტეს სამოსის მქონე პირებს ეკადრებათ”,– აცხადებს არჩილ გამზრდია.
ჟურნალისტი მათ ასევე მოუწოდებს, თავი დაანებონ სიძულვილის თესვას და მისთვის ძვირფას ადამიანებს არაფერი დაუშავონ, “თორემ ძალიან მძიმედ მოუტრიალდებათ მსგავსი ზრახვა.”
“მე მიყვარს ის რელიგია, რომელსაც ვატარებ, მიყვარს ეკლესია, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავს ვხედავ, მაგრამ ვერავის მივცემ უფლებას დააზიანოს ის, მითუმეტეს შიდა ვერაგი მტრისგან, ბევრი ძალა არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას არ დავიშურებ რომ ვემსახურო იმას, რაც ჭეშმარიტად მიმაჩნია”,– აღნიშნავს არჩილ გამზარდია.
ანდრია ჯაღმაიძემ Facebook–ზე დაწერა, რომ მის ცილისმწამებლებს დღეს არჩილ გამზარდია შეემატა. მისი თქმით, ამაზე მძიმე ცილისწამებებისთვისაც უპასუხია, მაგრამ რადგან პირადად იცნობს, ესაუბრა და თხოვა, აეხსნა, “რამ დააწერინა ამდენი აბსურდი”.
“შევთავაზე, პირადი შეხვედრა, საპატრიარქოში შეხვედრა, ჩვენთან ეთერში შეხვედრა და მასთან პირდაპირ ეთერში, რათა გვესაუბრა ამ პოსტში გამოთქმულ, მისი კერძო მოსაზრებების გარშემო. მივიღე ირიბი უარი, ფორმალურად მთავაზობს ეთერს, მაგრამ მრავალ სხვადასხვა საეკლესიო საკითხზე და მის პოსტზეც მათ შორის! რაც ნიშნავს პასუხისმგებლობის არიდებას.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უპასუხისმგებლობა?იტყვიან რაღაცას და მერე უნდა იმართლო თავი? თუ რა აქვს ამას გაგრძელება გაუგებარია? პირველივე კომენტარში ჩავაგდებ რას წერს და თავად იმსჯელეთ, ეს რომელი პროფესიის ადამიანის ნააზრევი შეიძლება იყოს?”,– წერს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, გამზარდიამ გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც მოსაყდრე შიოსა და ანდრია ჯაღმაიძეზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ისინი დევნიან სასულიერო პირებს, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია, ასევე უკრძალავენ არასასურველ ეთერებში მონაწილეობას. გამზარდია აცხადებს, რომ მიტროპოლიტი შიო პატრიარქის ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.