ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია ძალადობას “გამართლებას ვერ მოუნახავს”

საპატარიარქოს პრესპიკერი, რომელიც მოძალადე ჯგუფებს რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებდა, ძალადობას არ ამართლებს.

“მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს”,– წერს ის.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.