ჯგუფი მედგიდი, მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია – სოფო ჯაფარიძე

ჯგუფი მედგიდი, მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია – ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუქჯგუფ ”მედგიდის” დამფუძნებლი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.  ჯგუფში მოქალაქეებს კორონავირუსის თემაზე პროფესიონალი ექიმები კონსულტაციას უწევდნენ, ასევე, ეხმარებოდნენ კლინიკებში თავისუფალი ადგილის პოვნაში.

“მეგობრებო, ძალიან სამწუხარო მოცემულობა უნდა გაგაცნოთ -ჯგუფი მედგიდი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია.ჯგუფი აერთიანებდა 103,000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი – მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი მედგიდი რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.

ფაქტობრივად 1 წელია მედგიდი 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო – დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე.

ზემოთხსენებულის შედეგად, ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზნად ისახავდეს ჯგუფის დისფუნქციას. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ბოროტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც კეთილ საქმესაც კი ნებისმიერი გზით აფერხებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერ დარგში ადამიანები პოლარიზებულები არიან!

ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გამოვკეთო, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებაზე იყო ორიენტირებული, თანაც სრულიად უანგაროდ. იცოდეთ, რომ თუ რამე გზა არსებობს, რომელიც მედგიდის ფუნქციონირებას აღადგენს, ყველაფერს შევეცდებით.

გამაგრდით მეგობრებო და გახსოვდეთ მედგიდი ჩემთვის, შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის! სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს და ჩვენც, საჭიროებისამებრ, კვლავ თქვენი საყრდენი ვიქნებით”, – წერს ჯაფარიძე.