ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი საქართველოში არ შეუშვეს – BBC

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნა და  საქართველოში არ შემოუშვა ჯგუფ Pussy Riot–ის წევრი, ოლგა ბორისოვა. ამის შესახებ ბიბისი წერს.

“მე უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე. უმიზეზოდ. მე სხვაგან არსად მაქვს სახლი გარდა თბილისისა, იქ მე მეგობარი ბიჭი მყავს და მაქვს ბინა, რომელშიც ფულს ვიხდი. გამოდის, რომ სახლი აღარ მაქვს და ვეღარსად ვიცხოვრებ“– დაწერა ბორისოვამ ტვიტერზე.

ის უკვე გაგზავნეს უკან, სტამბულში. ქალი არ გამორიცხავს, რომ იქიდან შეიძლება ამსტერდამში გაგზავნონ, საიდანაც გამოფრინდა.

ბიბისი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს რუს ჟურნალისტს, დევიდ ფრენკელს და ტელეარხ “დოჟდის“ წამყვანს, მიხაილ ფიშმანს. “სხვას ვერაფერს დავუკავშირე. ფაქტია, არ შემიშვეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი ვარ“–თქვა მაშინ ფიშმანმა.

ერთი თვის წინ ჯგუფმა Pussy Riot განაცხადა ანტისაომარი ევროპული ტურის შესახებ, რომელიც ბერლინში გამოსვლით დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ მარია ალიოხინა, დიანა ბურკოტი, ანტონ პონომარიოვი და ოლგა ბორისოვა. ამ ტურის ფარგლებში 19 გამოსვლა მოეწყო, მათ შორის ნიდერლანდებში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.