“ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე“–ნიკა მელია

20 ივნისის მოახლოებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

“ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან. იმ ღამიდან, რომელ ღამესაც ყველა მხარემ რაღაც დაამტკიცა – ქართველმა ხალხმაც, ოკუპანტმაც და ოკუპანტის მსახურმაც

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არასოდეს იღლება თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლით. იმ დღეს, ყველა თაობა ერთად ადგა, გამოვიდა ქუჩაში და დადგა ღირსების, თავისუფლების სადარაჯოზე.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას არ აღელვებს ქვეყნის ბედი, ოკუპაცია და ა.შ. ქართველმა ახალგაზრდობამ საბოლოდ დაამსხვრია ეს მითი და აჩვენა კლასი – კლასი შეურიგებლობის, უდრეკობის და უკომპრომისო ბრძოლის.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის, რომ გვიჭირს ერთიანობა და ა.შ. გავრილოვის ღამეს კი ხალხმა დაამტკიცა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ქუჩაშიც გამოდის და ერთ მუშტად შეკრული, ერთსულოვნად იცავს კიდეც ქვეყნის, ერის ღირსებას, თავისუფლებას.

ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამის შემდეგ. რეალურად კი, ქვეყანაში ჯერაც გავრილოვის ღამეა, ჯერაც არ გათენებულა! დიახ, ჯერაც გავრილოვის ღამეა, რადგან ხალხის უმოწყალოდ დარბევის, თვალების დათხრის ბრძანების გამცემი არხეინადაა.

უკანონო და სამარცხვინო ბრძანების ერთი შემსრულებელი (გახარია) ხალხის მძაფრი პროტესტის მიუხედავად დააწინაურეს კიდეც, მეორე შემსრულებელს (ჩუბინიძეს) არათუ სამართლებრივად, მორალურადაც არ უგია პასუხი – თვალთხარიადაც არ იხსენიება.

ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე.“–წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.