”ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე” – ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
”ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა მზია ამაღლობელმა დანაშაული და მერე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამას აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი.
ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახა, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედება, ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები.
აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო […]
[…] ჯერ პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში, ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. ეს ერთი. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი, როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაელოდონ საერთოდ სასჯელს, ვინ ეკითხება მათ კვალიფიკაციის განხილვას. ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა. ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე.” – თქვა კობახიძემ.