ჯოან როულინგმა ინტერნეტში ახალი წიგნის გამოქვეყნება დაიწყო. ის ჰარი პოტერს არ ეხება

ჯოან როულინგმა თაყვანისმცემლები გააოცა, როცა ახალი საბავშვო ზღაპრის პუბლიკაციის შესახებ გამოაცხადა. ზღაპარი მის ვებგვერდზე ყოველდღიურად ნაწილ–ნაწილ უფასოდ გამოქვეყნდება. “The Ickabog“ მწერლის პირველი ზღაპრული ისტორიაა, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს არ ეხება. სინამდვილეში წიგნი 10 წლის წინ დაიწერა. მწერალმა მისი გამოქვეყნება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.

წიგნი განკუთვნილია “კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ამ უცნაურ და მშფოთვარე დროს სკოლაში დაბრუნება მოუწია“– ამბობს ავტორი.

წარსულში როულინგი ამ წიგნს მოიხსენიებდა როგორც უსახელო “პოლიტიკურ ზღაპარს“.

წიგნი  ათ ივლისამდე თავებად გამოქვეყნდება იმავე დასახელების ვებგვერდზე theickabog.com.

პირველ ორ თავში, რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა მკითხველი მეფე ფრედ უშიშარს გაეცნო, რომელიც კორნუკოპიის სამეფოს მართავს. ასევე გაეცნო ხუთი წლის ბერტ ბიმიშს. გამოქვეყნებულ თავებში მოთხრობილია ლეგენდა საშიში მონსტრის შესახებ, რომელსაც იკაბოგი ჰქვია და რომელზეც ამბობენ, რომ პატარა ბავშვებს და ცხვრებს ჭამს.

როულინგის თქმით, მას თავიდან უნდოდა ეს წიგნი 2007 წელს, ჰარი პოტერის მეშვიდე და ბოლო წიგნის გამოშვების შემდეგ გამოეცა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა დაესვენა. ხელნაწერი კი სხვენში გადაინახა.

“დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ეს ზღაპარი ჩემს ორ უმცროს შვილს ეკვთნოდა, რადგან როცა ისინი პატარები იყვნენ, საღამოობით სწორედ ამ წიგნს ვუკითხავდი და ამ წიგნთან დაკავშირებით ბედნიერი, ოჯახური მოგონებები შემომრჩა“– წერს მწერალი საკუთარ ვებგვერდზე.

რამდენიმე კვირის წინ როულიგნმა შვილებს შეატყობინა, რომ აპირებდა სხვენიდან ხელნაწერი ჩამოეტანა. როგორც ამბობს, შვილები ამ გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით შეხვდნენ და ერთად ჩამოიტანეს დამტვერილი ყუთი სხვენიდან.