ჯოკონდას ახალი საიდუმლო– მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ აქამდე უჩინარი ჩანახატი იპოვნეს

ფრანგი მეცნიერი, პასკალ კოტი აცხადებს, რომ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ დაფარული ჩანახატი აღმოაჩინა, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

როგორც ჟურნალ   Journal of Cultural Heritage–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი,  საკუთარი წარმოების აპარატურის გამოყენებით  კოტმა ესკიზის კვალი იპოვნა, რომელიც სპოლვეროს ტექნიკით არის შესრულებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეონარდო და ვინჩიმ გამოსახულება ხის პანელზე ნახშირით იმ ხვრელების საშუალებით გადაიტანა, რომლებიც ესკიზის ხაზებში იყო გაკეთებული.

ნახშირის კვალი კოტმა მონა ლიზას ხელისა და თმის ხაზის სიახლოვეს აღმოაჩინა. ის ასევე თვლის, რომ ნახატის შექმნის პროცესში და ვინჩიმ მის გმირს პოზა შეუცვალა და თავი უშუალოდ მაყურებლის მხარეს მიაბრუნებინა.

გარდა ამისა, კოტმა შეამჩნია, რომ ფარულ ჩანახატში ჯოკონდას თმის სარჭი უკეთია, რაც მხატვრის ჩანაფიქრის შესახებ ახალ კითხვებს აჩენს.

“მონა ლიზას არ შეიძლებოდა რამენაირი ვარცხნილობა ქონოდა. იმ დროისთვის ფლორენციაში ეს შეუძლებელი იყო“– თქვა კოტმა ბრიტანულ გამოცემა Express–თან ინტერვიუში. კოტი ვარაუდობს, რომ ასეთი თმის სამაგრები შესაძლოა მხოლოდ “რეალურად არარსებული ქალების, მაგალითად ქალღმერთების, ან სულაც ქალწული მარიამის“ პორტრეტებზე გამოესახათ.

კვლევის აღწერაში ნათქვამია, რომ 2004 წელს მას შემდეგ, რაც ნახატზე წვდომა მიიღო, მეცნიერმა გამოსახულებას მულტისპექტრული კამერით ციფრული ფოტო გადაუღო, რომელიც თავადვე გამოიგონა. მეცნიერი ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოყენებული სინათლის ანარეკლის ანალიზის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს საღებავის ფენებს შორის დამატებითი გამოსახულებები დაინახოს.

2015 წელს კოტი აცხადებდა, რომ ჯოკონდას ქვეშ მეორე გამოსახულება იპოვნა. მან ივარაუდა, რომ ფარული ნახატი ნამდვილი მონა ლიზას პორტრეტი იყო. საყოველთაოდ ცნობილი ნახატი კი სხვა ქალის გამოსახულება.

მაშინ მის დასკვნების სპეციალისტები სკეპტიკურად შეხვდნენ, ლუვრმა კი უარი თქვა მისი განცხადების კომენტირებაზე და განაცხადა, რომ კოტი მუზეუმის მკვლევართა ჯგუფში არ შედიოდა.

ექსპერტების თქმით, მხატვრებს ხშირად დამკვეთის თხოვნით უკვე დასრულებულ ნამუშევარში ცვლილებები შეჰქონდათ. ამიტომაც ნამუშევარში სხვა გამოსახულებების არსებობა გასაკვირი არ არის.

კოტის ახალ კვლევაში საუბარია თავდაპირველ მონახაზზე, რომელიც მანამ გაკეთდა, სანამ ხის პანელზე საღებავი გამოჩნდებოდა.

“მონა ლიზა“ – სახვითი ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.

ვარაუდობენ,  რომ ლეონარდომ ეს ნამუშევარი 1503–1517 წლებში შექმნა. იმ დროს ის ფლორენციაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში. იმის შესახებ, თუ ვინ არის ნახატზე გამოსახული, დიდი ხანია მწვავე კამათი მიმდინარეობს. თუმცა, უკვე მრავალი საუკუნეა ითვლება, რომ ეს არის ლიზა გერარდინი, ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრის ცოლი.