ჯონსონი კიევში ისევ მოულოდნელად ჩავიდა. რა ჩაიტანა ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დედაქალაქში

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მოულოდნელად კვლავ ეწვია კიევს – უკვე მეორედ ომის დაწყებიდან და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

ჯონსონის ვიზიტი სიურპრიზი იყო, რადგან წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, პარასკევს პრემიერი ჯონსონი სიტყვით უნდა გამოსულიყო ინგლისის ჩრდილოეთით, თუმცა ამის ნაცვლად უკრაინის დედაქალაქში აღმოჩნდა.

“ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმირ, სასიამოვნოა ისევ კიევში აღმოჩენა“– დაწერა ჯონსონმა ტვიტერზე და ფოტო გამოაქვეყნა.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯონსონმა თქვა:

“უკრაინელი სამხედროები დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ პუტინის ჯარიც, როგორც ჩანს, ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის და ბევრ ხალხს კარგავს. რუსები კოლოსალური რაოდენობის საბრძოლო მასალას ხარჯავენ – საარტილერიო და სხვა ჭურვებს. 114 დღის  შემდეგ უკრაინაზე თავდასხმიდან რუსეთის მეთაურობამ ისევ ვერ მიაღწია მიზნებს, რომელთა მიღწევას პირველ კვირაში გეგმავდა. ჩვენ ისევ აქ ვართ, თქვენთან, რათა ხაზი გავუსვათ, რომ გვინდა დაგეხმაროთ სტრატეგიულად აუცილებელი გამძლეობის გამოვლენაში, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ. ჩვენ გავაძლიერებთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს. ჩემი წინა ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ უკრაინელების გამძლეობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ეს ურყევი სიმტკიცე უფრო გრძელვადიანია, ვიდრე პუტინის ცარიელი ამბიციები“– თქვა ჯონსონმა.

ჯონსონის კიევში ჩასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა უკრაინელი სამხედროების წვრთნის მაშტაბური პროგრამა წამოიწყო. ეს პროგრამა ყოველ 4 თვეში 10 ათასი უკრაინელი სამხედროს გაწვრთნას გულისხმობს, რაც მთავრობის განცხადებით, სრულიად შეცვლის ომის ბალანსს.

დაუნინგ – სთრითის განცხადებით ახალი პროგრამის ფარგლებში უკრაინელი სამხედროები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიწვრთნებიან, თუმცა ეს სავარაუდოდ არ მოხდება ბრიტანეთში. სამხედროებს ბრძოლის წარმოებას, სამედიცინო დახმარებას, განნაღმვას და კიბერუსაფრთხოებას ასწავლიან.

ჯონსონის თქმით, კიევში მისი ვიზიტის მიზანი უკრაინელებისთვის მარტივი და ნათელი გზავნილის გაგზავნა იყო: უკრაინა ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით მანამ, სანამ ის საბოლოოდ არ გაიმარჯვებს.

ჯონსონის პირველი ვიზიტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აპრილში შედგა. ის მაშინაც მოულოდნელად ჩავიდა კიევში.