ნაფიც მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ტყუილის თქმის გამო.
სამშაბათს დელავერის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამი საათის განმავლობაში ითათბირა და ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებაში.
54 წლის ბაიდენ უმცროსის ბრალის არსი ის არის, რომ 2018 წელს ის ნაკრომანი იყო, თუმცა პისტოლეტის ყიდვისას ეს ფაქტი დამალა.
„ის, რომ ჰანტერ ბაიდენმა იარაღის ლიცენზიის მოპოვების მიზნით საკუთარი ნარკომანობა დამალა, სავარაუდოდ ნაკლებად იმოქმედებს საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობაზე ან იმაზე, თუ მისცემენ ამერიკელები ხმას ნოემბრის არჩევნებში […] მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი, სავარაუდოდ, იქნება მკაცრი პირადი დარტყმა აშშ-ს პრეზიდენტისთვის“, – ამბობს BBC–ს ჩრდილოეთ ამერიკის მიმომხილველი ენტონი ცურკერი.
ბაიდენს თეორიულად 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მაგრამ პრაქტიკაში, იურისტების აზრით, ის ციხეში რომც ჩასვან, საეჭვოა, რომ ეს იყოს რამდენიმე წელზე მეტი ზნით პატიმრობა.
როგორც სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის პროფესორი დრიუ სტივენსონი განმარტავს, ყველაზე მძიმე ბრალდებები – იარაღის ფლობა ნარკომომხმარებლის დროს – ითვალისწინებს მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ პროფესორ სტივენსონის დაკვირვებით, ამ ბრალდებით დაკისრებული რეალური სასჯელი 5 წელზე მეტი არასოდეს ყოფილა და ეს სასჯელი მხოლოდ შვიდმა ადამიანმა მიიღო, რომლებიც ნამდვილად სახიფათო კრიმინალები იყვნენ.
რაც შეეხება იარაღის განაცხადის ფორმაში ცრუ ინფორმაციის შეყვანას, პროფესორ სტივენსონს საერთოდ არ ახსენდება ასეთი ბრალდებით დაპატიმრების შემთხვევები.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ბაიდენ უმცროსს სექტემბერში სასამართლო პროცესი ემუქრება პოტენციურად ბევრად უფრო პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე – გადასახადებისგან თავის არიდებაზე 1,5 მილიონი დოლარის შემოსავლიდან.
სასამართლო პროცესი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება, შეიძლება არ იყოს ისეთი ემოციური, როგორც დელავერის სასამართლოში, მაგრამ ჰანტერის საგარეო ურთიერთობები და ფინანსური კავშირები მამასთან ბაიდენის რესპუბლიკელი ოპონენტების ინტენსიური დაკვირვების საგანია.