CNN–ის ინფორმაციით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა დელავერის შტატში, ვილმინგტონში, ამერიკის ლიდერის სახლში მოხდა. ნაპოვნი ზოგიერთი დოკუმენტი და მასალა ბაიდენის სენატში ყოფნის პერიოდს უკავშირდება (1973 წლიდან 2009 წლამდე), ზოგი კი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის პერიოდს (2009 წლიდან 2017 წლამდე).
ჩხრეკა 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და საბუთების გარდა სახლში მის მიერ, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული რამდენიმე ჩანაწერიც აღმოჩნდა. ბაიდენი და მისი მეუღლე ჩხრეკისას სახლში არ იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე თავად პრეზიდენტი გამოვიდა მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შეთავაზებით.
პრეზიდენტმა გამომძიებლებს უფლება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი შენობა, რათა ენახათ, იყო თუ არა აქ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია მისი, როგორც ვიცე-პრეზიდენტის საქმიანობასთან, ან რაიმე საიდუმლო მასალასთან, თქვა ბაიდენის ადვოკატმა.
პირველი ანგარიშები დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს ეხებოდა, მუშაობდა (2009-2017) იანვარში გამოჩნდა.
პირველად დოკუმენტები ნაპოვნი იქნა ვაშინგტონში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის – პენ ბაიდენის ცენტრის ოფისიდან გადასვლის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ზედამხედველობს როგორც საპატიო პროფესორი. დოკუმენტები მის პირად ოფისში აღმოჩნდა, რომელიც ბაიდენს 2017 წლიდან 2019 წლამდე ეკავა.
კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ვაშინგტონის ფაილები ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ უკვე დაადანაშაულა პრეზიდენტი ბაიდენი შუალედური არჩევნების წინ საზოგადოებისგან საიდუმლო მასალების აღმოჩენის განზრახ დამალვაში, რადგან სკანდალურ ამბებს შესაძლოა დემოკრატების პოზიცია შეესუსტებინა.
დოკუმენტების მეორე პარტია 20 დეკემბერს ვილმინგტონში ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს, კიდევ ერთი დოკუმენტი კი 12 იანვარს.
როგორც ამბობენ, დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს და იუსტიციის დეპარტამენტს.
საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური დაინიშნა.
ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს პრეზიდენტ ბაიდენის წინამორბედთან მიმართებაში. გასულ წელს FBI-მ გაჩხრიკა დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში, სადაც ასევე იპოვეს 300-ზე მეტი გრიფით „საიდუმლო“ და “სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტი.
მანამდე, ტრამპის სახლის ჩხრეკის შედეგები კომენტირებისას, ბაიდენმა მისი წინამორბედის საიდუმლო დოკუმენტებისადმი დამოკიდებულებას აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა.
ამჯერად, როდესაც მას მსგავსი ინციდენტი დაემართა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დელავერში აღმოჩენილი დოკუმენტები „ქუჩაში არ ეყარა“, არამედ ავტოფარეხში იყო ჩაკეტილი.