აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნაგაზმა თეთრი სახლის თანამშრომელს უკბინა. ეს უკვე მეორე ინციდენტია სამი წლის ძაღლთან, მეიჯორთან დაკავშირებით, რომელიც ჯო ბაიდენმა თავშესაფრიდან აიყვანა. პრეზიდენტის თქმით ძაღლს თეთრ სახლთან ადაპტაცია უჭირს.
ბაიდენის ორი გერმანული ნაგაზი – მეიჯორი და ჩემპი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ თეთრ სახლში დელავერის შტატში მდებარე პრეზიდენტის ოჯახური სახლიდან. იქ ძაღლები დასასვენებლად და გასაწვრთნელად გაგზავნეს მას შემდეგ, რაც მეიჯორმა სპეცსამსახურის თანამშრომელს უკბინა.
ამჯერად კი აშშ–ს ნაციონალური პარკების სამსახურის მებაღე დაკბინა, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე მუშაობდა.
პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის თქმით დაზარალებულს სამსახურში დაბრუნებამდე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
“მეიჯორი ჯერ კიდევ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესშია. მან სეირნობისას ვიღაცას კბილი გაკრა“– თქვა პირველი ლედის წარმომადგენელმა.
ბაიდენების უფროსი ძაღლი, ჩემპი 13 წლის არის. მეიჯორი კი დელავერის თავშესაფრიდან ოჯახმა 2018 წელს აიყვანა, როცა ის ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ბაიდენი ამბობს, რომ ის გულკეთილი ძაღლია.
მარტის დასაწყისში, როცა მეიჯორმა პირველად უკბინა თეთრ სახლში მომუშავე უსაფრთხოების თანამშრომელს, თეთრი სახლიდან ანონიმურმა წყარომ მედიას უთხრა, რომ ინციდენტს წინ უძღვოდა ძაღლის აგრესიული ქმედება – ის ხტოდა, იყეფებოდა და ოფისის თანამშრომლებზე იწევდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ტელეარხ ABC–ს დილის გადაცემაში თქვა, რომ მეიჯორი ჯერ კიდევ აკლიმატიზაციის პროცესშია და მის გარშემო ახალ ადამიანებს ეჩვევა. “კუთხეში შეუხვევ და იქ კიდევ ორი ადამიანია, რომლებიც საერთოდ თვალით არ გინახავს, და თან მოძრაობენ. ისიც იწყებს მოძრაობას, რომ თავი დაიცვას“– თქვა ბაიდენმა.
“თეთრ სახლში ადამიანების 85%–ის ის უყვართ. ის მხოლოდ ლოკავს მათ და კუდს აქიცინებს. თუმცა… ვაცნობიერებ, რომ ზოგიერთებს გასაგები მიზეზების გამო ძაღლების ეშინიათ“– დასძინა პრეზიდენტმა.
თებერვალში ტელეშოუში გამოსვლისას პირველმა ლედიმ წამყვან კელი კლარკსონს უამბო, რომ ცდილობს ძაღლებს ადაპტაციაში დაეხმაროს.
“ახლა მათ ლიფტით სიარული უწევთ, რასაც მიჩვეული არ არიან. სასეირნოდ სამხრეთის მდელოზე გამოდიან, სადაც ბევრი ადამიანი უყურებს. ბოლო დროს იმით ვარ დაკავებული, რომ ყველა მშვიდად მიეჩვიოს ახალ ცხოვრებას“– თქვა ჯილ ბაიდენმა.
მშვიდი ბუნების ჩემპი და აქტიური მეიჯორი ბაიდენების ოჯახის ინტერნეტ მილოცვაშიც გამოჩნდნენ.
ძაღლები თეთრ სახლში იანვარში გადავიდნენ. ჩაპი თეთრ სახლში ცოტა ხანს წარსულშიც ცხოვრობდა, როცა ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ვიცე პრეზიდენტი იყო.
თეთრ სახლში შინაური ცხოველების ყოლის ტრადიცია უკვე ასი წლისაა. ის მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას შეწყდა, რომელსაც შინაური ცხოველი არ ყოლია.