საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად 55 წლის სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა, რომელიც ცოტა ხნის წინ, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო.
პროფესიით იურისტი, შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ჰარვარდის და შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში.
ახლა მთელი ყურადღება დემოკრატთა ეროვნული ყრილობის მიმართ არის მიპყრობილი. ღონისძიება 17-დან 20 აგვისტომდე ვირტუალურად გაიმართება და მასზე პარტიიდან პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციას ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უკვე ოფიციალურად მიიღებენ.
დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას 30 წელზე მეტი ხანი გეგმავდა. ის გამოკითხვებში რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსწრებს და მისი უმაღლეს ოფისში არჩევის შანსი დღეისთვის მაღალია. თუმცა, ხანდაზმულობის გამო, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელს, უკვე უწევს საუბარი ოფისის დატოვებაზე.
ბაიდენი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადაზე კენჭს აღარ იყრის, თუ მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა შეირყა. ის თავს „გარდამავალ კანდიდატსაც“ კი უწოდებს და ამბობს, რომ თუ არჩევნები მოიგო, ძველი თაობის ლიდერებს და ახალგაზრდებს შორის, ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პოსტზე არჩევის მომენტში, ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი იქნება.