ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში სახლი დაუყადაღეს

საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ესპანეთში ნაყიდი სახლი დაყადაღებულია,  რომელიც მისი ცოლის სახელზე იყო რეგისტრირებული.

“ამ საქმიდან გამომდინარე, ესპანეთის სასამართლომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დააყადაღა. ეს ინფორმაცია ესპანეთიდან თებერვლის დასაწყისში მოგვივიდა. დაყადაღების მიზეზი ეს საქმე იმიტომ გახდა, რომ ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს ვედავებით, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას […]

ჩვენ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც შესაბამისი განჩინება გამოსცა – შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ ესპანეთს მიმართა და მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს სახლი დაეყადაღებინათ”. – თქვა პროკურორმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების გარდა, დაყადაღებულია ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, აგრეთვე, ბურჭულაძის სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშებიც.

“დაყადაღებულია არა მარტო ჯუანშერ ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, არამედ დაყადაღებულია ბებიამისის, მისი სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშები. ანუ, ამ ხალხს სახელმწიფო პენსიას რომ ურიცხავს, ვერ იღებენ […] გარდა ამისა, მის ერთ-ერთ ნათესავს საკუთარ კომპანიაში წილი დაუყადაღეს […]

ეს დაყადაღებულია, დაახლოებით, 2025 წლის აგვისტოდან, როდესაც ბატონი ჯუანშერი ჯერ ბრალდებულის სახითაც კი არ იყო პასუხისგებაში მიცემული”. – თქვა ბურჭულაძის ადვოკატმა.