სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სამი პირის დაკავების ორდერები გასცა. წინასასამართლო პალატამ, დააკმაყოფილა პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობა, გაეცათ დაკავების ორდერი და დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.
პატიმრობის ორდენი 3 ადამიანზე გაიცა:
მიხეილ მაიარამის ძე მინძაევი – რუსეთის მოქალაქე, დაიბადა 1955 წელს, ჩრდილო ოსეთში, ვლადიკავკაზში. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
ჰამლეტ გუჩმაზოვი – რუსეთის და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წელს სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს იზოლატორის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
დავით გიორგის ძე სანაკოევი – დაბადებული 1976 წელს ცხინვალში. ოკუპირებულ ცხინვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში, ე.წ ომბუდსმენი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ და ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს აღსრულებისთვის.