პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„ძმა, ლიდერი, მოჯაჰიდი ისმაილ ჰანიე, დაიღუპა სიონისტების თავდასხმის დროს მის შტაბ-ბინაზე თეირანში, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში“, – ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები ჰამასის განცხადებას.
ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც ჰამასის ლიდერი დაიღუპა.
ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა.
კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველი.
ისრაელის ხელისუფლებას და სამხედროებს ჰანიას გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ.
ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე მოკლეს პირდაპირი რაკეტის დარტყმის შედეგად, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.
პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მკაცრად დაგმო ჰანიეს მკვლელობა.
სხვადასხვა პალესტინის ორგანიზაციამ მხარდამჭერებს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა.
როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი იოლანდა კნელი აღნიშნავს, ჰამასის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ჰანიაზე დარტყმა ნიშნავს რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას და “დაუსჯელი არ დარჩება”.
„ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ეს ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ ისმაილ ჰანიე კურირებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის ახალი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ანალიტიკოსები მას ზოგადად პრაგმატისტად თვლიდნენ – მუჰამედ დეიფთან და იაჰია სინვართან შედარებით. ეს ორი ლიდერი სისასტიკით გამოირჩევა და ითვლება, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია შარშანდელი შოკისმომგვრელი თავდასხმა ისრაელზე“ – წერს ბიბისის კორესპონდენტი.
გუშინ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ისმაილ ჰანიე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდა. გავრცელებულ ფოტოში ისინი ერთად არიან აღბეჭდილი. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.