ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 13–მა ისრაელელმა მძევალმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად ღაზასა და ეგვიპტეს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი თბილისის დროით დაახლოებით 19 საათისთვის გადაკვეთეს. ეგვიპტიდან კი გათავისუფლებული მძევლები ვერტმფრენით ისრაელის სამხრეთით მდებარე ისრაელის ავიაბაზა ჰაცერიმში გადაიყვანეს, სადაც მათ სრულ მზადყოფნაში ელოდნენ სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და ყველა შესაბამისი სპეციალისტი, ვისი დახმარებაც მძევლებს შეიძლება დასჭირდეთ.
იმ დროს, როდესაც ყველა შეთანხმებისამებრ 13 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების მოლოდინში იყო, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჰამასის ბოევიკების მიერ 12 ტაილანდელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სრეტა ტავეესინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გათავისუფლების ფაქტი დაადასტურეს ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების დეპარტამენტმა. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ საელჩოს ოფიციალური პირები მძევლების გამოყვანას ერთ საათში ელიან, მაგრამ არ აკონკრეტებენ სად არიან ისინი . მანამდე ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ „ეგვიპტის შუამავლობის წყალობით, 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლეს“. ტაილანდელები ისრაელში სამუშაოდ იყვნენ ჩასულნი და ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელის მოქალაქეებთან ერთად ისინიც გაიტაცა.
მოგვიანებით მედიამ დაადასტურა, რომ ტაილანდელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ცალკე შეთანხმებით მოხდა და ისრაელსა და ჰამასს შორის დადებულ შეთანხმებაში ისინი ჩართულნი არ ყოფილან.
თუმცა, მათი გათავისუფლება თითქმის ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პარალელურად მოხდა. ტაილანდელი მძევლები თელ–ავივთან მდებარე სამედიცინო ცენტრ შამირში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეს გაატარებენ.
ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 13 მძევლის გათავისუფლებას დღეს ადგილობრივი დროით 16 საათისთვის ელოდნენ . პარალელურად, მზადება იყო ისრაელის ოფერის ციხეში, საიდანაც მძევლების სანაცვლოდ 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მზადდებოდა.ყველა პატიმარი ოფერის ციხეში დღეს დილით მიიყვანეს, სადაც მძევლების გათავისუფლებისთვის დათქმული დროის მოახლოებასთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლები მივიდნენ. ციხის გარეთ კი პატიმრების გათავისუფლების მოლოდინში პალესტინელები შეიკრიბნენ. ისრაელის ძალებმა ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
დღეს დილით, ადგილობრივი დროით შვიდ საათზე ძალაში შევიდა შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებებში ოთხდღიანი პაუზის შესახებ.
ამ 4 დღის განმავლობაში ჰამასის ბოევიკებმა ისრაელიდან გატაცებული 240–მდე მძევლიდან 50 მძევალი 4 ჯგუფად უნდა გაათავისუფლონ. პირველი ჯგუფი, 13 მძევლის შემადგენლობით დღეს დღეს გათავისუფლდა. დაახლოებით იგივე რაოდენობით მძევლები გათავისუფლდება ყოველდღიურად შემდგომი 4 დღის განმავლობაში.
კატარის, შეერთებული შტატების და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან დღეს 39 პალესტინელი პატიმარი, ქალი და არასრულწლოვანი გათავისუფლდა. სულ კი ამ 4 დღის განმავლობაში 150 პალესტინელი პატიმარი დატოვებს ისრაელის ციხეებს.
ისრაელის არმიამ დილიდან მზად იყო მძევლების მისაღებად. მათ გაავრცელეს კადრები და ინფორმაცია, რომ დაასრულეს მზადება ღაზადან ისრაელში დაბრუნებული მძევლების მისაღებად, სამთავრობო სამინისტროებთან და უშიშროების ორგანოებთან კოორდინაცით, რათა გათავისუფლებულ მძევლებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიონ.
ისრაელის მხარემ რამდენიმე ლოკაცია მოამზადა მძევლების მისაღებ პირველად პუნქტებად, აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით და მედიკამენტებით, ყველა პირველადი საჭიროების ნივთით და ბავშვების სათამაშოებითაც კი.
დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ღაზას სექტორის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა.
„ჰუმანიტარული პაუზა დროებითია“, – თქვა არაბულად IDF-ის სპიკერმა ავიჩაი ადრაიმ.
„ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი სახიფათო ომის ზონაა და ჩრდილოეთით მოძრაობა აკრძალულია. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში სამხრეთში,”
4 დღიანი პაუზის დროს გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზას სექტორში ეგვიპტის საზღვარზე რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით. ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების სახით 130 ათასი ლიტრი დიზელის საწვავის და 200 სატვირთო მანქანის გაგზავნა იგეგმება
ისრაელის მთელი საჰაერო აქტივობა ღაზას სექტორზე მათ შორის დრონების მეთვალყურეობა, დღეს მძევლების გათავისუფლებამდე 6 საათით ადრე შეწყდა.
გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანენ, პალესტინელ პატიმრებს კი დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც პალესტინის ხელისუფლება აკონტროლებს.