ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ოფიციალურად გამოაცხადეს ჰეზბოლას ლიდერისა და ერთ-ერთი დამაარსებლის, ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ. ნასრალა დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაჯგუფების მიწისქვეშა შტაბ-ბინაზე, ნათქვამია IDF-ის განცხადებაში. ჯგუფმა მოგვიანებით დაადასტურა მისი ლიდერის გარდაცვალება.

IDF-ის განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა მიზანმიმართული დარტყმა მიაყენეს ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბს, რომელიც ბეირუთის დაჰიას რაიონში მიწისქვეშ, საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ მდებარეობდა. დარტყმა  მაშინ მოხდა, როცა შტაბ ბინაში ჰეზბოლას მთელი უმაღლესი სარდლობა იყო შეკრებილი,  ნათქვამია განცხადებაში.

IDF ხაზს უსვამს, რომ ჰასან ნასრალა, როგორც ჰეზბოლას ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები და სტრატეგიული ლიდერი, დარტყმის მთავარი სამიზნე იყო.

ამავდროულად, IDF შტაბის უფროსმა ჰერცი ჰა-ლევიმ შაბათს დილით განაცხადა, რომ ნასრალას მკვლელობა “არ არის ბოლო ღონისძიება ისრაელის არსენალში”.

„ისრაელის გზავნილი მარტივია: ჩვენ მივწვდებით ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მოქალაქეებს. ჩრდილოეთით, სამხრეთით და შორეულ ადგილებში“, – თქვა ჰა-ლევიმ.

ჰეზბოლას ხელმძღვანელობამ რამდენიმე საათის შემდეგ დაადასტურა მისი ლიდერის გარდაცვალება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ კონტროლირებადი ტელეარხი Al-Manar იტყობინება. ნასრალა “მოწამედ” გამოცხადდა და ჯგუფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.

დასავლური მედიის სხვადასხვა წყაროები ჰეზბოლას დაჯგუფებიდან მანამდე აცხადებდნენ, რომ ნასრალა დარტყმების შემდეგ ცოცხალი გადარჩა და უსაფრთხოდ იყო.

Reuters-ი ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნასრალასთან კავშირი გაწყდა ისრაელის დარტყმების დაწყების შემდეგ. ამასთან, წყაროს ცნობით, მოძრაობის ლიდერი უსაფრთხოდ იმყოფება. ჰეზბოლასთან დაკავშირებული ტელეგრამის არხებმა ასევე უარყვეს ნასრალას სიკვდილი.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იყო პირველი, ვინც ვითარების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო ისრაელის ქმედებები, მაგრამ არ შეეხო მთავარ საკითხს – ნასრალას ბედს.

„ლიბანში დაუცველი ხალხის ხოცვა-ჟლეტამ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას გაცოფებული სიონისტური ძაღლის სისასტიკე და დაადასტურა უზურპატორული რეჟიმის ლიდერების პოლიტიკის მოკლემხედველობა და სისულელე“, – ციტირებს AFP ხამენეის სიტყვებს.

დიდი დანაკარგები ჰეზბოლას მეთაურობაში

ისრაელის პრესის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმისას ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე ასევე დაიღუპა ორგანიზაციის სამხრეთ ფრონტის მეთაური ალი კარაკი და სირიასა და ლიბანში ყუდსის ძალების მეთაური აბას ნილფორუშანი.

Quds Force (ასევე ცნობილი როგორც იერუსალიმის ძალები) არის ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სპეციალური ძალების სამხედრო ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სპეცოპერაციების განხორციელებაზე ირანის ტერიტორიის გარეთ.

თეირანს ჯერ არაფერი უთქვამს ლიბანში მისი წარმომადგენლის გარდაცვალების შესახებ ცნობებზე.

წინა დღით ისრაელის არმიის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მორიგი მიზანმიმართული დარტყმის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას სარაკეტო დანაყოფის მეთაური მუჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი. IDF-ის ცნობით, მათთან ერთად დაიღუპნენ სარაკეტო ქვედანაყოფის სხვა მეთაურებიც.

ამ დარტყმის კომენტირებისას ისრაელის ელჩმა გაეროში, დენი დანონმა თქვა, რომ ის განხორციელდა იმ ადგილას, სადაც “ცუდი ადამიანების შეხვედრა იმართებოდა”.

„ეს ცუდი ხალხი, შეიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ მორიგი თავდასხმის მოსაწყობად. ასე რომ, ჩვენ ვიზრუნეთ, რომ მათ ამის გაკეთება ვეღარ შეძლონ, ”- თქვა დენონმა.

ისრაელის სარდლობის წინასწარი შეფასებით, ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე თავდასხმას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

IDF არ აკონკრეტებს რა წილი უკავია მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობს, მაგრამ აღიარებს, რომ დაღუპულთაგან ზოგიერთი მეზობელი სახლების მცხოვრები იყო.

IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ შტაბი, რომელიც განადგურდა, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ მდებარეობდა.

ისრაელი კვლავ ამახვილებს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას რადიკალური ჯგუფების პრაქტიკაზე, როგორიცაა ჰამასი და ჰეზბოლა, დაიმალონ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების ქვეშ, რითაც შეგნებულად აყენებს მათ სასიკვდილო საფრთხის წინაშე.

ჰეზბოლა ნასრალას მეთაურობით

ჰასან ნასრალა ლიბანის შიიტურ მოძრაობას ჰეზბოლას 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი წინამორბედის, გენერალური მდივნის აბას მუსავის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დაიღუპა ისრაელის საჰაერო ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად.

მისი ხელმძღვანელობით მოძრაობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში. მას ხშირად უწოდებენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არასახელმწიფო არმიას.

მას შემდეგ, რაც ნასრალამ ჰეზბოლას ხელმძღვანელობა ჩაიბარა, მოძრაობამ არგენტინაში ორი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, სამიზნეები ისრაელის საელჩო და ებრაული კულტურულ ცენტრი იყო. ასევე ნასრალას დროს ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელის რეგულარულ დაბომბვაზე გადავიდა.

2023 წლის ოქტომბერში ისრაელის თემებზე ჰამასის თავდასხმის და ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების შემდგომი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ნასრალამ ომი გამოუცხადა ისრაელს და ბრძანა დაბომბვა, სანამ ისრაელი არ გაიყვანდა თავის ჯარებს ღაზას სექტორიდან.