ჰიტლერის საათი სვასტიკით აუქციონზე 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა

საათი, რომელიც როგორც ამტკიცებენ, ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა აშშ–ში 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. საათი ანონიმურმა მყიდველმა მერილენდის შტატში Alexander Historical Auctions–ის აუქციონზე იყიდა.

Huber–ის საათზე გამოსახულია სვასტიკა და გრავირებულია ინციალები AH.

ებრაელმა ლიდერებმა აუქციონის გამართვამდე დაგმეს გადაწყვეტილება ჰიტლერის საათის გასაყიდად გამოტანის შესახებ, თუმცა აუქციონის სახლმა, რომელიც წარსულში სხვა ნაცისტურ რელიქვიებსაც ყიდდა, გერმანულ მადიას განუცხადა, რომ მისი მიზანი ისტორიის შენარჩუნებაა.

აუქციონის კატალოგში ნათქვამია, რომ საათი შესაძლოა ფაშისტების ლიდერს 1933 წელს დაბადების დღეზე აჩუქეს, როცა ის გერმანიის კანცლერი გახდა.

აუქციონის სახლის შეფასებით საათი 1945 წელს სუვენირად წამოიღეს, როცა დაახლოებით 30–მა ფრანგმა ჯარისკაცმა ალპებში მდებარე ჰიტლერის თავშესაფარ ბერგჰოფზე მიიტანა შტურმი.

ითვლება, რომ შემდეგ საათი გადაყიდეს და ის ყოფილი მფლობელის ოჯახის რამდენიმე თაობამ შეინახა.

აუქციონის სხვა ლოტებს შორის იყო ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის კაბა, ნაცისტი ჩინოვნიკების ფოტოები ავტოგრაფებით და ყვითელი ნაჭრის დავითის ვარსკვლავი სიტყვით Jude, რომლის ტანსაცმელზე დაკერებას გერმანელები ებრაელებისგან ითხოვდნენ იდენტიფიკაციისა და სტიგმატიზაციისთვის.

ღია წერილში, რომელიც 34–მა ებრაელმა მოღვაწემ დაწერა, ვაჭრობას “ამაზრზენი“ უწოდეს და მოუწოდეს აუქციონის სახლს ნაცისტური სიმბოლოები გაყიდვიდან მოეხსნა.

რაბინი მენახემ მარგოლინი, რომელიც ებრაელთა ევროპული ასოციაციის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ეს გარიგება დაეხმარა მათ, ვინც იდეალიზებას უკეთებს ყველაფერს, რაც ნაცისტების პარტიამ დატოვა.

“ რა თქმა უნდა, ისტორიის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, და ნამდვილი ნაცისტური არტეფაქტების ადგილი მართლაც არის მუზეუმებში და სამეცნიერო დაწესებულებებში, თუმცა ნივთები, რომლებსაც თქვენ ყიდით, მათ რიცხვს არ განეკუთვნება“– დაწერა მან.

Alexander Historical Auctions–ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ისტორიის შენარჩუნებაა და გაყიდული ნივთების უმრავლესობა კერძო კოლექციებში ინახება ან ხოლოკოსტის მუზეუმებს საჩუქრად გადაეცა. აუქციონის სახლი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომ ამ საათს ჰიტლერი მართლაც ატარებდა. თუმცა, უცნობი ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ საათი მართლაც მას ეკუთვნოდა.

აუქციონერები მისი გაყიდვიდან 2–4 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა ასეთი გულუხვი მყიდველი არ გამოჩნდა.