ჰოლანდიელი ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს

ნიდერლანდელ ჟურნალისტს, დულმერს რობერტ ედვინ ლუიჩ მარშეს აკრედიტაცია ჩამოართვეს და  უკრაინიდან გააძევეს იმის გამო, რომ მან კანონი დაარღვია და ოდესის ოლქში სარაკეტო დაბომბვის კადრები გაავრცელა. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საქმე ეხება ოდესის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიეტებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგების გადაღებას. ჟურნალისტს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა. თავიდან ის უკრაინაში სამხედრ მოქმედებების გასაშუქებლად ჩავიდა, უკრაინის სამხედრო ძალების პრეს–ბარათი მიიღო და მუშაობა დაიწყო.

მედიის ცნობით, 3 აპრილს დულმერსმა მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია, რომელიც რუსეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. ის გაფრთხილებული იყო, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეიძლებოდა, თუმცა პირად პოსტებში მაინც გამოაქვეყნა ვიდეო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ. ეს კი მისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზეზი გახდა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად აკრძალულია სოციალურ ქსელებში სროლის, დაბომბვის, უკრაინული არმიის გადაადგილების, ასევე ქუჩების დასახელებების გამოქვეყნება.

მანამდე თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა უკრაინელებს არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია უკრაინისთვის პარტნიორების მიერ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს არმიის მიერ დამატებითი შესაძლებლობების მიღებაზე.