1 თვეა დაიკარგნენ, კონსტიტუცია ავალებთ, აკონტროლონ მთავრობა – უსუფაშვილი პარლამენტის წევრებზე

პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრები 1 თვეა დაკარგულები არიან, როცა კონსტიტუცია ავალებთ, რომ მთავრობა საგანგებო რეჟიმში აკონტროლონ. ის სწორედ ამ ფაქტით ხსნის პრემიერის პარლამენტში არ მისვლას. მისი თქმით, პარლამენტს დაკარგული აქვს ინსტიტუციური ძალაუფლება და ამიტომ, პრემიერიც შესაბამისად იქცევა.

,,შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან ჩვენი პარლამენტის წევრები. ეს ერთი თვე დაიკარგნენ მაშინ, როცა კონსტიტუცია ავალებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლონ მთავრობა, მოაწყონ საკომიტეტო სესიები და ა.შ. დღეს მქონდა შვედეთისა, ესტონეთისა და უკრაინის საკომიტეტოსთან საუბარი და ისინი არცერთი დღე არ გაჩერებულან. ჩვენს პარლამენტს კი აღებული აქვს ხელი საკუთარ ფუნქციებზე. იმ ფონზე, როცა აზრად არ მოსვლია პარლამენტს მთავრობისთვის თუნდაც ერთი კითხვა დაუსვა, რა გეგმა აქვს და ა.შ., მაშინ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ პრემიერმაც გადაწყვიტა არ მისვლა”,- ამბობს დავით უსუფაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელ მდგომარეობაში მთავრობა ყველა პრობლემას კორონავირუსს გადააბრალებს. 

,,პრემიერი არ მივიდა რადგან ის ვითარებაა, როცა დაბრუნდა ზემოდან ყურების პოზიცია. ოპოზიცია სახლშია, მოსახლეობა დაზაფრულია და ამ ვითარებაში ხელისუფლება იქნება დაახლოებით ასე – ომი ყველაფერს ჩამორეცხავს და მთავრობა ყველაფერს გადააბრალებს კორონავირუს, აქეთკენ მიდის ყველაფერი”,- აცხადებს უსუფაშვილი ,,ფორმულას” ეთერში.