1 მარტიდან სარეკლამო SMS-ები თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ – ახალი კანონი

პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. აღნიშნული ცვლილება 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს ინდივიდის მონაცემების დამუშავება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში. სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განიხილავს საჩივარს მიმართვის საფუძველზე და კომპანიას დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

  • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე – 2 000 ლარი
     
  • 500 ათას ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის – 3 000 ლარი
     
  • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება

სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.